პინგვინების ერთნაირსქესიანმა წყვილმა ბარტყი „იშვილა“ - ამბავი ჩესტერის ზოოპარკიდან

პინგვინები

დიდი ბრიტანეთის ჩესტერის ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ ჰუმბოლტის პინგვინების (Spheniscus humboldti) პოპულაციის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა — ზოოპარკში 10 ახალი ბარტყი გამოიჩეკა. ამ მოვლენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ფაქტი ანიჭებს, რომ ერთ-ერთი ბარტყი ერთსქესიანმა მამრობითმა წყვილმა, სკამპიმ და ფლაუნდერმა "იშვილეს".

სკამპისა და ფლაუნდერის მიერ ბარტყის აღზრდა ერთსქესიანი ქცევისა და ალიოპარენტალური ზრუნვის ნათელი მაგალითია. მას შემდეგ, რაც სხვა წყვილმა ორი კვერცხი დადო, იმისათვის, რომ პატარა პინგვინებს საუკეთესო პირობები ჰქონოდათ, ზოოპარკმა ერთი მათგანი სკამპისა და ფლაუნდერს გადასცა. ამ გზით, ბარტყის გამოჩეკისა და გადარჩენის შანსები მაქსიმალურად გაიზრდებოდა.

ეს გადაწყვეტილება, ადრე დაფიქსირებულ შემთხვევებს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც პინგვინებში ერთსქესიანი წყვილები ხშირად ძლიერ მშობლურ ინსტინქტებს ავლენენ და შესანიშნავად ზრუნავენ ბარტყებზე.

აღნიშნული ფენომენი ფრინველებში უნიკალური ნამდვილად არ არის. ერთსქესიანი მშობლები მრავალ სხვა სახეობაში, მათ შორის ფლამინგოებსა და გედებშიც დაფიქსირებულა. ეს მოვლენა ცხოველთა სამყაროს სოციალური ქცევის კომპლექსურობასა და ადაპტაციურ მოქნილობას უსვამს ხაზს. პინგვინების მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპროდუქციულ წარმატებას შეიძლება არატრადიციული სოციალური სტრუქტურების მეშვეობითაც მივაღწიოთ.

წითელ ნუსხაში ჰუმბოლტის პინგვინები მოწყვლად სახეობად არიან კლასიფიცირებულნი. მათი ველური პოპულაცია, რომელიც დაახლოებით 23 800 ინდივიდს შეადგენს, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების, ოკეანის ტემპერატურის მატების, საკვები რესურსების შემცირებისა და ჰაბიტატის განადგურების გამო სულ უფრო მეტად მცირდება.

ჩესტერის ზოოპარკის მსგავსი საერთაშორისო კონსერვაციის პროგრამები ამ სახეობის გადარჩენაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მათი მიზანი ჯანსაღი და გენეტიკურად მრავალფეროვანი პოპულაციის შენარჩუნებაა, რომელიც მომავალში ველური პოპულაციის გამრავლებისთვის უნდა გამოიყენონ. ერთ სეზონზე ათი ახალი ბარტყის გამოჩეკა პროგრამისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ზოოპარკის მიერ გატარებული ზომების ეფექტურობაზე მიუთითებს.

"ეს რეკორდული მაჩვენებელია. სახეობისთვის ეს ფანტასტიკური სიახლეა, ხოლო საერთაშორისო კონსერვაციის პროგრამისთვის კი ბრწყინვალე მიღწევა", — ამბობს ზოოპარკის მენეჯერი ზოი სვიტმანი.

ახალგამოჩეკილი ბარტყები ძალიან სწრაფად იზრდებიან, რაც მშვილებელი და ბიოლოგიური მშობლების მიერ გაწეულ ზრუნვასა და ზოოპარკში არსებული გარემოს ეფექტურობაზე მიუთითებს.