1782072928
პატარა გმირი, რომელსაც ათასობით ადამიანი მერვე დღეა ეძებს - მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი
ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ძებნა უკვე მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პატარა ბიჭი 15 ივნისს მდინარე სუნჟაში გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გადასარჩენად წყალში გადახტა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი მდინარეში ჩავარდა და დახმარება დასჭირდა. ხიზირი დაუფიქრებლად გადახტა მეგობრის გადასარჩენად, წყალში შევიდა და მისი გამოყვანა შეძლო, თუმცა თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
მომხდარმა მთელი რეგიონი შეძრა. ტრაგედიის შემდეგ უპრეცედენტოდ მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც მაშველებთან და სამართალდამცველებთან ერთად ათასობით მოხალისე მონაწილეობს. ხიზირის მოსაძებნად ადამიანები ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და სხვა მეზობელი რეგიონებიდან ჩავიდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამძებრო სამუშაოების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე მდინარის კალაპოტის მიმართულებაც კი შეიცვალა, რათა ძებნის პროცესი უფრო ეფექტიანი გამხდარიყო.
სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი პატარა გმირის შესახებ წერს. ბევრისთვის ხიზირი სიმამაცისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.









