1698406900
Air India-ს ბორტზე ყველა მგზავრი დაღუპულია, მსხვერპლი არის აგრეთვე სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს შორისაც - Reuters

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაღუპულია. ინფორმაციას Reuters-ი ინდურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 242 მგზავრიდან, არცერთი არ გადარჩა. ასზე მეტი ცხედარი აჰმადაბადის საავადმყოფოშია გადასვენებული.
მსხვერპლი არის აგრეთვე სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს შორისაც, რადგან არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მათ საერთო საცხოვრებელს დაეცა.
ინდოეთის ხელისუფლება სამძიმარს იღებს მსოფლიო ლიდერებისგან. ინდოეთის ხალხს სამძიმარს უცხადებენ, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები, იტალიის, ჩეხეთის, სინგაპურის, ავსტრალიისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრები.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ბორტზე ინდოეთის 169, დიდი ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.
ცნობისთვის, Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ აჰმადაბადთან ჩამოვარდა. ის აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა. თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი უცნობია.