უფასო სწავლება და დასაქმებისᲝ ახალი შესაძლებლობა აჭარაში

დასაქმება

აჭარის დასაქმების სააგენტო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს. პროექტი, რომელიც საკვანძო კომპეტენციების განვითარებას ისახავს მიზნად, 2026 წელს 200 ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით დაეუფლონ თანამედროვე პროფესიულ უნარებსა და უცხო ენებს.

პროგრამა განკუთვნილია როგორც სხვადასხვა სექტორში უკვე დასაქმებულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება და კარიერული წინსვლა სურთ. სწავლება ჰიბრიდულ მოდელს ეფუძნება (ონლაინ და აუდიტორიული), რაც მუშაობისა და სწავლის შეთავსებას ამარტივებს.

- პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. მულტილინგვური დარგობრივი კომპეტენციები: სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები (მიმტანი, ბართენდერი, გიდი, გაყიდვების სპეციალისტი და სხვა) შეისწავლიან ინგლისურ, გერმანულ ან რუსულ ენებს (A1, A2, B1 დონეები) დარგობრივი ტერმინოლოგიის გაძლიერებით.

- პროფესიული და ციფრული უნარები. კურსები მოიცავს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს, როგორიცაა: გაყიდვების მართვა და CRM ტექნოლოგიები, ციფრული ბუღალტერია და საგადასახადო ადმინისტრირება, სასტუმროს მიღება-განთავსების მართვა (PMS სისტემები), ინტერიერის დიზაინი და სასაწყობე ოპერაციების ციფრული აღრიცხვა, თანამედროვე მენტორინგი და სარესტორნო სერვის-ტექნოლოგიები.

პროგრამის ფარგლებში სწავლის ხარჯებს სრულად ფარავს აჭარის დასაქმების სააგენტო.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skills.hrajara.gov.ge