1775204481
ცნობილია, სად გაიმართება კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ - მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე და შემდეგ მოხდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.
„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდეგ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული და საბოლოოდ მოხდება კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
მეუფე ილარიონს კითხვა დაუსვეს, ხომ არაფერი გადაწყვეტილება მიუღიათ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ილარიონმა უპასუხა:
„ჯერჯერობით, არაფერი. ეს იქნება სამსჯელო საგანი და შემდეგ გაიგებთ. განათლების საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
მეუფე ილარიონის ინფორმაციით, გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.










