თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მუნიციპალური ინსპექცია

თბილისის მერიის ინიციატივით დამტკიცდა მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი, რომლის ამოქმედება დაგეგმილია 2026 წლის 1 იანვრიდან.

დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.

რეგულაციის მიზანია დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ხელშეწყობა, მოქალაქეების და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან, ასევე საქმიანობის დასაშვები არეალების, სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების იმგვარად მოწესრიგება, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა მისაღწევად, მათ შორის საქმიანობაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის.

რეგულაციით მოთხოვნილია რომ დასაშვებ არეალებში უზრუნველყოფილი იქნება ამტვერებადი მასალების დახურულ შენობებში განთავსება/რეალიზება, ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება/რეალიზების შემთხვევაში შენობებიდან გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.

წესის ამოქმედებამდე, დავალების შესაბამისად მუნიციპალური ინსპექციის მიერ დედაქალაქში განხორციელდა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების, ინსპექციამ 14-ზე მეტი მსხვილი არეალის მესაკუთრეს, რომელსაც თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10000-მდე მცირე მეწარმე ჰყავთ დასაქმებული და 1500-ზე მეტ საშუალო მეწარმე სუბიექტს პირდაპირი კომუნიკაციით გაუწია კონსულტაცია და გააცნო აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ, ასევე ჩაბარდათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები.

რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას, სამრეწველო და საზოგადოებრივი-საქმიანი ზონების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ასევე შეიქმნება უსაფრთხო შრომის პირობები აღნიშნული საქმიანობით დაკავებული ათასობით ადამიანისთვის.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დამატებითი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დაგვიკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს შესაბამის უფლებამოსილ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრებს.