სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა

სოსო გიორგაძე

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა, სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

აღნიშნულ ფორმატში საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და EPO-ს პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

საუბრისას სოსო გიორგაძემ ყურადღება გაამახვილა ვალიდაციის სისტემის ამოქმედების მნიშვნელობაზე, რაც ითვალისწინებს საქართველოში პატენტის დაცვას ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, გასული წლის 15 იანვრიდან, საქართველოში ვალიდაცია მოთხოვნილია 32 განაცხადზე და სახეზეა მოთხოვნათა ზრდის ტენდენცია. კერძოდ, 2024 წელს შემოსულია 11 განაცხადი, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით კი – 21 განაცხადი. ამასთან, ცოტა ხნის წინ, EPO-ში უკვე გაიცა პატენტი ისეთ განაცხადზე, რომელზეც ვალიდაცია მოთხოვნილი იყო საქართველოში. საქპატენტის ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული განახლების შედეგად, რომელიც 2024 წლიდან ხორციელდება, გაუმჯობესდა EPO-თან მონაცემთა გაცვლა, მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული პატენტების შესახებ.

გარდა ამისა, სოსო გიორგაძემ ხაზი გაუსვა EPO-ს მხრიდან საქართველოში პატენტრწმუნებულთა რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც განხორციელდა პატენტრწმუნებულთა სისტემის გაძლიერებისა და ამ ინსტიტუციის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით. პატენტრწმუნებულთა რეფორმა განხორციელდა საქპატენტის ინიციატივით, რის შედეგადაც საქართველოში პირველად იქნა მიღებული კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“. აღნიშნული კანონი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არეგულირებს პატენტრწმუნებულთა საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებსა და სტანდარტებს.

საქპატენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქპატენტის ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანების პრიორიტეტულ საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო ემზადება განზრახვის წერილის გასაგზავნად, რაც ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების პროცესის პირველი ოფიციალური ეტაპია.

სოსო გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ანტონიო კამპინოსს მუშაობაში გაწეული დახმარებისთვის და გამოხატა მზაობა, რომ EPO-ს ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით წარიმართოს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესი.

ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.