1754633727
საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლები საჰაერო სივრცისა და აეროდრომების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მის მიზანს საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, „აეროპორტების გაერთიანებისა“ და „ტავ ურბან საქართველოს“ წარმომადგენლებმა.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ევროკონტროლის ექსპერტებმა მოინახულეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრი და საოპერაციო ოფისი, ადგილზე შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, ასევე საჰაერო სივრცისა და ტერმინალის გამტარუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები. სამუშაო შეხვედრაზე, სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოს საავიაციო სექტორის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, საპროგნოზო მაჩვენებლები და ოპერაციული გამოწვევები. EUROCONTROL-ის ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების პრაქტიკული ასპექტები, შესაბამისი კვლევების ჩატარების წამყვანი მეთოდოლოგია და ევროპის აეროპორტებში ამგვარი შეფასების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესწავლის პირველადი შედეგები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ევროპასთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის ((EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. აღნიშნული წესი მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებს 2026 წლიდან ავალდებულებს გამტარუნარიანობის პერიოდულ შეფასებას საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნის გათვალისწინებით აეროდრომების არსებული დონის დადგენის მიზნით. სამუშაო შეხვედრაზე სპეციალისტებმა მიიღეს საჭირო ცოდნა აეროპორტებში შესაბამისი კვლევების ჩატარების და მათი არსებული და სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადების სწორი და ეფექტური მართვა მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლის რეკორდული ზრდისა და მიმდინარე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე. „სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს რეკორდული ზრდა როგორც ავიარეისების ისე მგზავრთნაკადის მიმართულებით. შესაბამისად ამ მიმართულებით ევროპული კოლეგების ცოდნის და გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.