რატომ არის დაუშვებელი უკიდურესი სიკეთე, ისევე, როგორც უკიდურესი ბოროტება

მამაო

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და ღმერთი არასდროს არავის თრგუნავს თავისი სიდიადით, რაც ადამიანს შიშით უსიტყვო მორჩილებას აიძულებდა. ადამიანი, ჩვეულებისამებრ, ცუდისთვის, რაც ემართება, ძირითადად, ღმერთს სთხოვს ხოლმე პასუხს და უსამართლობას ედავება. მეორე მხრივ, ადამიანი ვერც იმას ხვდება, რატომ ისჯება ხოლმე, მათ შორის, დიდი სიკეთეც, ანუ რატომ არ არის სიკეთის კეთება ცხონების გარანტია, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) საუბრობს. 

– ღმერთი ადამიანს არც მზამზარეულ პასუხებს აძლევს და, იმავდროულად, არც ადამიანის უსიტყვო მორჩილება მოსწონს, რაც ჩანს, თუნდაც, ნოეს, „მართალის ქურქში“, მაგალითით. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

– დიახ, ღმერთს უნდა, რომ ადამიანი ედავოს და ამიტომაცაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი აბრაამის ისტორია. იცი, აბრაამი რას ევაჭრება ღმერთს?! ისინიც ეცოდება, რომელთა დაღუპვასაც აპირებს ღმერთი სოდომში. არადა აბრაამმა იცის, რაც ხდება სოდომში. ხომ უთხრეს ანგელოზებმა, იქ ისეთი ბოროტებაა, რომ უნდა წავლეკოთ ქალაქიო, მაგრამ აბრაამი არ უშვებს, იმიტომ რომ ეცოდება ბოროტები. აი, ეს უკვე არის ჭარბი შეცოდება, ებრაელები ამას ჭარბ გულმოწყალებასაც უწოდებენ და ეს არ არის დასაშვები. აბრაამის შეცდომა ის არის, რომ ის ზედმეტად ღიაა და, სამწუხაროდ, ახლა ეს არ გამოვა. ეს მომავლის საქმეა, როდესაც მესია მოვა და როდესაც, რასაც რუსთაველი ამბობს, „თხა და მგელი ერთად ძოვდეს“, ახდება. ნაჩქარევად კი არ შეიძლება. სანამ ჩვენ ასეთ დაყოფილ, დანაწევრებულ სამყაროში ვართ, რაღაც დოზით სამართლიანობამ უნდა იმოქმედოს. 2010 წელს ისრაელში ვიყავი, თებერვალ-მარტში და იმ პერიოდს პურიმის დღესასწაული დაემთხვა. რა არის პურიმი? პურიმის დღესასწაული ისრაელში ისევეა ცნობილი, როგორც ბრაზილიაშია ცნობილი კარნავალი. მართალია, ამ დღესასწაულზე დასასწრებად ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან, როგორც სანახაობაზე, მაგრამ არსი კი არ იციან. ხოლო არსი საოცარია: პურიმის დღესასწაულზე ყველა იცვამს სხვადასხვა საკარნავალო კოსტუმს, ყველას ურიგებენ საჭმელს, სასმელს, ტანსაცმელს, ვისაც არ აქვს. უგონოდ არავინ თვრება, მაგრამ პურიმის დღესასწაულზე ისე უნდა დათვრე, რომ ამანი მორდოხესგან ვერ გაარჩიო.

ვინ არიან ამანი და მორდოხე? ესთერის წიგნში ამარი და მორდოხე არის ორი უკიდურესობა: უკიდურესი ბოროტება და უკიდურესი სიკეთე; აი, როგორც კაენი და აბელი. მორდოხე ზედმეტად სულიერია, მეფე გადაარჩინა და არავის უთხრა, შესაბამისად, არც არავინ იცოდა, იმიტომ რომ მას არ აინტერესებს არაფერი მიწიერი. სხვათა შორის, არიან ასეთი ადამიანები. თავისთვის ცხოვრობენ, არც დაფასება უნდათ, არც თანამდებობა, არც ამ წუთისოფელში რამე მოქმედების ჩადენა. უკიდურესად კეთილები არიან, რაც არ ვარგა. რაკი ეს არ ვარგა, მორდოხეს ადგილს ამანი იკავებს, იმიტომ რომ ამანი მორდოხეს საპირწონეა და ლამის მთელი ებრაელობა გაჟლიტა, იმიტომ რომ უკიდურესად ბოროტია. თუმცა ბოლოს ისე იცვლება სიტუაცია, რომ ბოროტება, რაც ამანს სხვისთვის უნდა, თავად ატყდება თავს. ერთი დეტალია და გიამბობ: ამანმა უკვე მოაწერინა ხელი მეფეს ბრძანებაზე, რომ ებრაელობა გაიჟლიტოს; ამანს შეშურდა მორდოხესი და ამ მიზეზით განიზრახა, მთელი ერი გაეჟლიტა. ესთერმა ეს იცის და უნდა, რომ უთხრას მეფეს. ერთი სიტყვით, მეფემ ამას ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ ძილი გაუტყდა და სამეფო ჩანაწერების წიგნი მოატანინა. უკითხავენ და ესმის, რომ ერთხელ, რამდენიმე თვის წინ, რომელიღაც უგუნურმა მსახურმა მეფის მოკვლა განიზრახა და ვიღაც მორდოხემ, ებრაელმა, შეთქმულება ჩაშალა, შეატყობინა და მეფე გადარჩა. მეფემ იკითხა, თუ დააჯილდოეთო. არაო, უპასუხეს მსახურებმა. დილით მეფესთან ამანი შედის, უკვე დარწმუნებულია, რომ ებრაელებს გაჟლეტს და მორდოხეს სარზე ჩამოჰკიდებს. ამის სათქმელად მიდის მეფესთან და მეფე ეკითხება: ამან, როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოექცეს მეფე იმ კაცს, ვისი ძალიან პატივისცემაც უნდა მადლიერების ნიშნადო. ცხადია, ამანმა იფიქრა, ალბათ, ჩემზე მეკითხება მეფეო და რის წარმოდგენაც მის ფანტაზიას შეეძლო, ის უთხრა. ყველაზე გასაოცარი ჯილდო მოიგონა – ასეთი კაცი მეფის ცხენზე უნდა შესვან, სამეფო ტანსაცმელი ჩააცვან, შემდეგ მთელი ქალაქის ქუჩებში გაატარონ, დაუფინონ ვარდები და ტანსაცმელები, მის ცხენს წინ წარუძღვეს ამ სამეფოს პირველი კაცი და იყვიროს, აი, ასე ფასდება ადამიანი, ვისი პატივისცემაც მეფეს უნდაო. მეფემ მოუსმინა და უთხრა: წადი და ზუსტად ეს გაუკეთე მორდოხესო.

და ამანი თვითონ მიუძღოდა მორდოხეს წინ და ყვიროდა იმას, რაც თავად უნდოდა გაეგონა თავის შესახებ, არადა ხუთმეტრიანი სარი უკვე მომზადებული ჰქონდა, რომ მორდოხე ჩამოეკიდებინა. კიდევ ბევრი მომენტია იქ, მაგრამ ეს ადგილი მოვიტანე იმის სათქმელად, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება და საბოლოოდ, ამანია ის პირველი, ვინც ამ სიკეთეებს შეუწყო ხელი. ნახე, რა ხდება პურიმის დღესასწაულზე?! პურიმი ნიშნავს წილისყრას და წილისყრა რით არის, იცი, კარგი?! ლოგიკურად მიედინება ცხოვრება და უცებ რაღაც გემართება, რაც ჩვეული ლოგიკიდან ამოვარდნილია. შეიძლება, ეს ჩემთვის იმ მომენტში არ იყოს მისაღები, მაგრამ კარგი ის არის, რომ რუტინა იცვლება. ერთგვაროვნებიდან ამომაგდებს და წერია, კეთილი წილი მერგო, ანუ ჩემი ბედი კეთილი არისო. ბედი შემთხვევაა, რომელსაც გავურბივართ, არადა სიტყვა „შემთხვევა“ მთხვევას ემთხვევა. ასეთი გამოთქმაცაა, რომ შემთხვევა ეს ღმერთის ფსევდონიმია, როდესაც არ უნდა, რომ თავისი სახელი მოაწეროს. ესთერის წიგნში ღმერთის სახელი საერთოდ არ არის ნახსენები და მთლიანად შემთხვევებზეა აგებული. აი, რა არის პურიმის დღესასწაული – ისე უნდა დათვრე, რომ ამანი და მორდოხე, უკიდურესი ბოროტება და უკიდურესი სიკეთე, ერთმანეთსგან ვერ გაარჩიო.

ვთქვი, რომ აბრაამის შეცდომა იყო უკიდურესი სიკეთე, ძალიან პატიოსანი იყო, ყველა დაიხსენიო, ედავებოდა ღმერთს და, ბოლოს, ათ მართლამდეც კი ჩამოვიდა. ათი კაციც თუ იქნა სოდომში მართალი, ხომ დაიცავო. ესე იგი, ღმერთს ეუბნება, ყველა ბოროტი დაიცავიო და არა იმას, ის ათი მართალი გამოიყვანე, ბოროტმოქმედებთან ერთად მართლებს რატომ სჯიო. ამას არ ეუბნება, იმიტომ რომ მეტისმეტად გულმოწყალეა, რაც ისევეა დამღუპველი, როგორც სისასტიკე, რომელიც სოდომში იყო გამეფებული. და რა ხდებოდა სოდომში? შეგნებულად არ შევეხები იმ ყბადაღებულ თემას, რაც პოლიტიკური სპეკულაციის საკითხად იქცა. სოდომში იყო მკაცრი კანონები, ოღონდ მშრალი კანონები, უცხოების შეუწყარებლობა; თუ ადამიანი ღარიბია, ის არანორმალურია, იმიტომ რომ ღმერთის მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს ძლიერი, ჯანსაღი, მდიდარი; ცუდ ტონად ითვლებოდა გაჭირვებულების დახმარება, სტუმრების მიღება. რაღაცნაირად დაკანონებული და იურიდიულ რანგში იყო აყვანილი უსამართლო ქცევები. ეს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ აბრაამი ედავება ღმერთს და მისი შეცდომის არსიც ესაა: იმიტომ რომ ამანი და მორდოხე, ორივე, ღმერთის ნიღბებია. ამის მიღმა ერთი დაუნაწევრებელი რეალობაა. ამას ამბობს ყველა ფილოსოფოსი, ჩვენი იოანე პეტრიწი და რუსთაველი, მაგრამ ებრაელი გეუბნება ჩუმად. ეს ამ დღესაწაულზეა ასე, შემდეგ ისევ ომი და ბრძოლა იწყება; რუტინა, ოღონდ იმის გაცნობიერებით, რომ ეს თამაშია, ბოროტი თამაში, რომელიც სულ არ გვეთამაშება. მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით უნდა შეებრძოლო ბოროტებას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამ ტიპის ბრძოლაში იმარჯვებს სიკეთე.

წყარო