რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტება

გამოცდები

ორშაბათს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Web-გვერდზე 11 მაისამდე შეეძლებათ. პროცესი 6 აპრილს დილის 10:00 საათიდან დაიწყება.

ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს გაეცნონ პროცედურებს და დროულად გაიარონ ყველა ეტაპი. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

"აბიტურიენტებმა უნდა გააკეთონ მათთვის სასურველი არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეარჩიონ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი და გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ 6 აპრილის დილის 10:00 საათიდან 6 მაისის საღამოს 18:00 საათამდე აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა შეარჩიონ ჩასაბარებელი საგნები, ერთი საგნის საფასურის გადახდა მაინც უნდა უზრუნველყონ იმისთვის, რომ 11 მაისამდე შეძლონ ან საგამოცდო საგნის ცვლილება ან პროგრამის ცვლილება.

მთავარი სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს წელს აბიტურიენტებისთვის, არის ის, რომ სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს დაფინანსებას უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. აქ იგულისხმება ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის საფეხური. ასევე, სახელმწიფო წელს უზრუნველყოფს იმას, რომ აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, შეარჩიონ აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიულ სასწავლებლებშიც სწავლასაც დააფინანსებს აგრეთვე სახელმწიფო," - გაანაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა.