პროდუქტები, რომელიც ქალებში ონკოლოგიური დაავადების რისკს ამცირებს

ონკოლოგიური დაავადებები

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს იმ საკვებზე, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკთან არის დაკავშირებული და ასახელებს ფაქტორებს, რომლებიც ამ რისკის შემცირებას უწყობს ხელს.

მისი განმარტებით, წითელი ხორცი პირდაპირ ონკოლოგიის გამომწვევად არ ითვლება, თუმცა იგი შესაძლოა რისკ-ფაქტორი იყოს და ამ ეტაპზე კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კლასიფიკაციაში „შესაძლო მიზეზის“ კატეგორიაშია.

განსაკუთრებით საყურადღებოა პროცესირებული (დამუშავებული) ხორცი — შებოლილი, შემწვარი, დაშაშხული და კონსერვირებული პროდუქტები, რომლებიც უკვე დადასტურებულად მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს. სპეციალისტის თქმით, ამგვარი საკვების დამუშავების პროცესში წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც ონკოლოგიურ რისკს ზრდის.

მარი მალაზონია ხაზს უსვამს, რომ ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, რომელიც ამცირებს ონკოლოგიის განვითარების ალბათობას. მისი თქმით, სრულფასოვანი ცილით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამ შემთხვევაში, წითელი ხორცის ალტერნატივად რეკომენდებულია როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ცილები, განსაკუთრებით კი ლობიო და ნიგოზი.

სპეციალისტი ასევე გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს:

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვადაა თევზეულში, ნიგოზში და სელის თესლში;ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით კენკრა და ციტრუსები, რომლებიც ანტიოქსიდანტებით მდიდარია;მთლიანი მარცვლეული პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ბოჭკოსა და სასარგებლო მიკროელემენტებს.მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაწლავის ჯანმრთელობას, რადგან სწორედ იგი განსაზღვრავს იმუნური სისტემის ეფექტიანობას და ორგანიზმში ბაქტერიების ბალანსს. მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვები ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.