კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელ სივრცეებს. პარალელურად, ვაჩნაძიანში მიმდინარეობს ახალი, 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მინისტრი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი სკოლის მშენებლობის პროექტის განხორციელების ეტაპებსა და ვადებზე. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპი, ზაფხულში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. ახალი, თანამედროვე სკოლა 800 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს განათლების სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის გაუქმების შემდეგ გადაეცა.

რეგიონში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც — თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის კავშირს და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.

მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ახმეტაში, თელავში, გურჯაანსა და წნორში იგეგმება ან უკვე მიმდინარეობს თანამედროვე სპორტული ობიექტების — მრავალფუნქციური კომპლექსების, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობა.

,,კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს როგორც კახეთში, ისე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. დაგეგმილია თანამედროვე ტექნიკური სტადიონების მოწყობა, რასაც დაემატება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები - მათი პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წელსვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ეს ინფრასტრუქტურა რეგიონების მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად ისარგებლონ იმ სერვისებითა და პირობებით, რომელთა განვითარებაშიც საქართველოს მთავრობა ასეულობით მილიონ ლარს დებს''-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

თელავში დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა საცურაო აუზით, ასევე უეფას III კატეგორიის, 4 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მოწყობა.

გურჯაანსა და წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებს, რაც რეგიონში ახალგაზრდებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.