„ღმერთო, რა მძიმეა... ძალზედ ნიჭიერი, უბოროტო კაცი... - ლევან გაჩეჩილაძეს ემშვიდობებიან

ლევან გაჩეჩილაძე

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.

ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.

1986-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ლაბორანტი; 1987-1999წწ. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას:1988-1990წწ. ფირმა "ლილოს" კომერციული აგენტი; 1991-1992წწ. სპორტის დეპარტამენტის კომერციული განყოფილების უფროსის მოადგილე; 1994 წელს დააფუძნა კომპანია "Georgian Wines and Spirits"(GWS).

1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთა, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები" (ახლები);

2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან, პ/გ  "ახალი მემარჯვენეები" (ახლები), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო-მემარჯვენეები)" (2008); 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მიიღო ხმათა 25.7%. 1999 წელს მიღებული აქვს "წლის ბიზნესმენის წოდება".

ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმიანება. სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები...

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.

ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო.ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“,- ნათქვამია ბინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის წერილში.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ჩვენი თანამებრძოლის, ღირსეული მამულიშვილის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
ეს იყო ადამიანი, რომელმაც აჩვენა შეუპოვრობის და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი მაშინ, როდესაც სრული ნიჰილიზმი და უიმედობა იყო საქართველოში სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირობებში.
ვუსამძიმრებ ლევანის ოჯახს, ახლობლებს და ყველა მის გულშემატკივარს“,- წერს სოზარ სუბარი.

„ურთიერთდაუფასებლობა, შური და შურის თანმდევი ცილისმწამებლობა ჩვენთვის დამახასიათებელი მძიმე სენია. დავფიქრდეთ ამაზე... იქნებ გამოვსწორდეთ კიდეც, იქნებ...

ლევან გაჩეჩილაძემ, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ რეჟიმის საეტაპო დასუსტებაში და ეს არ იყო ადვილი საქმე, ამას დიდი თავგანწირვა სჭირდებოდა, რაც ლევანმა და მისმა მთელმა ოჯახმა არაერთხელ გამოავლინა.

დღეს ბევრი უბიოგრაფიო კაცი გვაწონებს თავს და საკუთარ პერსონაზე ლეგენდებს ქმნის, თითქოს სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ლევან გაჩეჩილაძე ჩვენი თანამედროვეობის ის ლიდერი გახლდათ, რომელმაც მართლა იბრძოლა, მართლა გაიმარჯვა, მართლა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესში და ეს
დ ა ს ა ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა!!!!!!!!!!!!! იყო ძალზედ ნიჭიერი და უბოროტო კაცი. უზომოდ ვწუხვარ, მისი გარდაცვალების გამო...“,- წერს ირმა ინაშვილი.

„ღმერთო, რა მძიმეა... ლევან, როგორ მატკინე გული. შენ იყავი მაგალითი, ნამდვილი ქართველი პატრიოტის, ვაჟკაცის და ნამდვილი თბილისელის. ყველაფერი ხომ სატანა სააკაშვილის ბრალია, რაც შენ დაგმართეს. ის ბოროტი რეჟიმი, რომელიც მკაცრად გაგისწორდათ შენ და შენს, ასევე ვაჟკაც, პატრიოტ ძმას, გიას.

თქვენ არ შეეგუეთ უსამართლობას და ორივე ძმები წინ აღუდექით ბოროტ რეჟიმს და თავი გასწირეთ რათა სხვები დაგეცვათ, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ ორივეს, ჩემო ძვირფასებო! ძალიან დაგვაკლდები ლევან ჩვენო საყვარელო ადამიანო. მშვიდობით არა, შეხვედრამდე ...

„ვუსამძიმრებ ლევანის ოჯას და მეგობრებს. მებრძოლი ქართველი, რომელიც არ შეეპუა საშინელ რეჟიმს და ძალადობის იდეოლოგიას ჩვენს სამშობლოში. არაერთხელ უსამართლოდ გულნატკენი, მაგრამ მუდამ საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგომი. ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლევან!“,- წერს ბიძიან გიორგობიანი.

„სამწუხაროდ, თბილისში არ ვარ და ვერ მოვახერხებ ბოლო გზაზე გავაცილო ლევან გაჩეჩილაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო და ბოლო 12 წელია არ მინახავს, რასაც დღეს ვნანობ, ის იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული პიროვნება და კარგი მეგობარი…“,- წერს გია ხუხაშვილი.

„ის მუდამ დარჩება ჩემთვის ერთადერთ ღირსეულ პრეზიდენტად. გულწრფელი, თავისუფალი, ლაღი და სამართლიანი. ადამიანი, ვისაც მხოლოდ პირველ ხაზზე შეეძლო ბრძოლა. მას მიჰყვებოდი ამაყად და თავს მის ღირსეულ თანამებრძოლად გრძნობდი. სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად არ იმსახურებს იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ისტორიის დაწერა და მისი შეცვლა. სამწუხაროა, რომ მაშინ ვერ დავიცავით ვერც ლევანი და ვერც საქართველო, მაგრამ მის ნამოქმედარს და სიკეთეს საქართველოში ვერავინ წაშლის.... ვუსამძიმრებ გიას, ოჯახს, მეგობრებს“-წერს რუსუდან გლურჯიძე.

„სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ“, - წერს ვიქტორ ყიფიანი.

„ჩემი ბავშვობის გმირი. არასდროს დამავიწყდება როგორ გვიცავდა. როგორ განიცდიდა როცა ჩვენ, ახალგაზრდული ფეთქებადობით, მორიგ სიგიჟეს ვაკეთებდით. რამხელა პასუხისმგებლობის განცდა ჰქონდა  საოცარი იუმორი და იდეები 1 წუთში. ლევან გაჩეჩილაძე არის თანამედროვე ისტორია. ვიზიარებ საქართველო  დღეს ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი, ნაღდი თბილისელი კაცი. კაცი, რომელმაც ჯანმრთელობა შესწირა ბრძოლას, ბრძოლას სამართლიანობისთვის“-წერს ლიკა გამრეკელი.