1753301140
„გამორიცხულია, გამსწორებელმა გაიგოს, ვის ნაშრომს ასწორებს“ - როგორ სწორდება აბიტურიენტების ნაშრომები და რამდენად დაცულია სიზუსტე

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და ახლა ნაშრომების გასწორება აქტიურად მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი, გადაცემაში "იმედის დღე"გასწორების პროცესისა და შემდგომი ეტაპების შესახებ საუბრობს:
ნებისმიერ ნაშრომს შტრიხკოდი აქვს. ფურცელზე აბიტურიენტმა სახელი და გვარი, ან რაიმე ნიშანი რომ დაწეროს, უქმდება, ნაშრომს არ გაასწორებენ.
დაშტრიხული ნაშრომები მთელი ქვეყნის საგამოცდო ცენტრებიდან ჩვენთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მოდის. დაცვის პოლიცია და პატრული ერთად შემოდიან... ჩვენამდე სრულად დალუქული მოდის. სექტორების მიხედვით, თითოეული ფაილი იქვე ილუქება და ჩვენამდე მოდის. თითოეული ნაშრომი სკანერდება და იჭრება ნაწილებად.
არსებობს დახურული ტესტი და არსებობს ისეთი დავალებები, სადაც აბიტურიენტმა პასუხი უნდა დაწეროს. შესაბამისად, იმ ნაწილს, რომელსაც დახურული ჰქვია, კომპიუტერი ასწორებს. ღია ტიპის დავალებებს კი ადამიანები ასწორებენ. ეს თითოეულ გამსწორებელთან ნაწილ-ნაწილ, "დაჩეხილი“ მიდის. ასე, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს, გამორიცხულია, გამსწორებელმა გაიგოს, ვის ნაშრომს ასწორებს. როდესაც ნამუშევარს ერთი გამსწორებელი შეამოწმებს, ის უკვე მეორე გამსწორებელთან მიდის.
ერთ ნამუშევარს ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ ქულები ერთმანეთთან აცდენილია, პროცესში მესამე გამსწორებელი ერთვება. აბიტურიენტს შეუძლია, არა მხოლოდ ქულა, არამედ შეფასების სქემაც ნახოს. შესაბამისად, თუ მას რომელიმე ქულაში ეჭვი ეპარება და თვლის, რომ მეტი ეკუთვნოდა, ბუნებრივია, აქვს შესაძლებლობა, განაცხადი აპელაციაზე შემოიტანოს. ყველას ვურჩევ, მხოლოდ ის საკითხი გაასაჩივრონ, რომელშიც ფიქრობენ, რომ სხვა ქულა ეკუთვნოდათ, რადგან მთლიანი ტესტის შემოწმების დროს, ხშირი შემთხვევაა, რომ ქულა ან აკლდება ან ემატება. როდესაც ნაშრომი აპელაციაზე შემოდის, გამსწორებლების საერთოდ ახალი ჯგუფი გვყავს.