გაგრძელდება თუ არა ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობის ტრადიცია - შიო მესამის პასუხი

natloba

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო მესამის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია გაგრძელდება. ამის შესახებ შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტრადიცია ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა.

"წელს, პირველად ვხვდები ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.

რა თმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა. ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში", - განაცხადა შიო მესამემ.