ერთი კვირის ამინდის პროგნოზი მთელი ქვეყნის მასშტაბით

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი არამდგრადი იქნება და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობაა მოსალოდნელი.

მისი თქმით, პროცესები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან შემოსული ცივი ჰაერის მასების გავლენით ვითარდება. 

21 აპრილს ზოგან მცირე ნალექი შენარჩუნდება, ხოლო 22-ში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს — დაბლობში +24 გრადუსამდე, სანაპიროზე კი +18-20 გრადუსამდე.

თუმცა, 23 აპრილიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ადგილ-ადგილ ძლიერი, ელჭექი და ქარის გაძლიერება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და დაბლობში დაახლოებით +14-15 გრადუსს შეადგენს. მაღალმთიან ზონაში შესაძლოა წვიმა თოვლშიც გადავიდეს. არამდგრადი ამინდი 24 აპრილსაც შენარჩუნდება, თუმცა დღის განმავლობაში ინტენსივობა შედარებით შემცირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი უკვე დღეიდან, განსაკუთრებით კახეთში, იჩენს თავს. 21 აპრილს მოსალოდნელია ინტენსიური წვიმა, ხოლო 22-ში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს. 23 აპრილის მეორე ნახევრიდან კი კვლავ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება — წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება და სეტყვის შესაძლებლობა.

კვირის ბოლოს, სინოპტიკოსის ინფორმაციით, შედარებით დათბება, თუმცა არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება და ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით კვლავ არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს მცირე წვიმაა ნავარაუდევი. 21 აპრილს ამინდი მოღრუბლული იქნება და ტემპერატურა დაიკლებს, 22-ში კი გამოიდარებს და დათბება. 23 აპრილიდან კვლავ მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და ხანმოკლე წვიმა, ელჭექის შესაძლებლობით. კვირის ბოლოს კი ამინდი ცვალებადი დარჩება.