„საზღვარი ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთეს“ - დაკავებულია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი 1999 წელს დაბადებული ფ.ს. და 1993 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს.

"დაკავებული ფ.ს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ბრალდებით, ხოლო ო.ო. განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ, ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.