როგორ დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - ახალი დეტალები გასაჯაროვდა

ლევან ჯანგველაძე

აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 98 - ადგილი, სადაც გახმაურებული მკვლელობა დაიგეგმა. 15 თებერვალს 19:14 წუთზე სასტუმრო „თბილისი თაუერსში“ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე მისი დაცვის წვერს, გელა უძილაურს შეხვდა. მოგვიანებით შეხვედრაზე ძმები მიქაძეებიც მივიდნენ.

ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაციის გეგმა გამოძიების ინფორმაციით ასეთ იყო - მკვლელობის შემსრულებელს ბიზნესმენის შესახებ ყველა დეტალი უნდა სცოდნოდა, მათ შორის, როდის ჩამოვიდოდა საქართველოში და სად გადაადგილდებოდა. ბიზნესმენის მკვლელობამდე ერთი თვის განმავლობაში ჯანგველაძე თვალთვალის ობიექტი იყო. გაარკვიეს, რომ ის სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავდა. ელოდებოდნენ დროს და შესაფერის ადგილს. 14 მარტს 22:35 წუთზე ლევან ჯანგველაძე მეგობრის პანაშვიდზე მივიდა, 23:30 წუთზე უკვე ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, სწორედ ამ დროს გელა უძილაურმა სამიზნეს 14-ჯერ ესროლა, დაჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი.

როგორ დაიგეგმა გახმაურებული მკვლელობა? - ახალი დეტალები პროკურატურამ 5 პირისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ გაასაჯაროვა.

14 გასროლის შემდეგ, გელა უძილაური დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქარელში წავიდა, თავიდან მოიშორა ნივთმტკიცებები, რომლებიც დავალების შესრულებისთვის სჭირდებოდა, მათ შორის, დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ირკვევა, რომ უძილაური, შიდა ქართლიდან მეორე დღესვე თბილისში დაბრუნდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან შეხვედრას, არაერთხელ დაურეკა "ვოთსაფის" საშუალებით, თუმცა უშედეგოდ. 17 მარტს კი ის პოლიციამ დააკავა.

დაკავებების და საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, გახმაურებულ საქმეზე კიდევ ერთი გარემოება გამოიკვეთა. პროკურატურის ინფორმაციით, ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა მკვლელობა, ბიზნესმენთან დაპირისპირებაში მყოფი სხვა პირების შეკვეთით დაგეგმეს.

რა გახდა დანაშაულის მოტივი და ვინ დგას შეკვეთით, ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმის უკან - დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, უახლეს პერიოდში გახდება ცნობილი.

გამოძიების ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება გახმაურებულ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. შესაძლოა, სამართალდამცველებმა საქმეში მონაწილე სხვა პირებიც დაადგინონ.

სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს დაზარალებული მხარე. ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა საჯაროდ საუბრისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებს.

ლევან ჯანგველაძის საქმეზე 11 აგვისტოს, მოსამართლის განჩინებით, პოლიციამ თბილისში სამი პირი დააკავა, ორზე კი ძებნა გამოცხადდება. ბრალის ოფიციალური დადგენილებით, ძმებ მიქაძეებს და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარედგინათ, გიორგი კაჭკაჭიშვილს ჯგუფურად იარაღის შეძენა შენახვისთვის, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს მძიმე დანაშაულის დაფარვის და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.