ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეს დღეს სასამართლო განიხილავს

გიორგი უძილაური

 ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეს დღეს სასამართლო განიხილავს. მოსამართლემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის აღმკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

“ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ, საქმეს აქვს გრიფი "სრულიად საიდუმლო" და საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.

გიორგი უძილაურს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მისმა ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობა, სადაც დაკავებულია მოთავსებული, გვიან ღამით დატოვა. სუსის ინფორმაციით, უძილაური უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად გადასცემდა.

გამოძიების მტკიცებით, ის ასევე მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც მედიის წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობდა. "კურიერის" ინფორმაციით, ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახისა და კატეგორიის ინფორმაციას. პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.