ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სასამართლო

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აცხადებდა, პროვოცირებული იყო დანაშაული, რასაც ბრალდებულებს ედავებიან. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგი იყვნენ და თითოეული მათგანისთვის 5 000-5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. ბრალდების მხარე კი მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა და ამიტომ პატიმრობას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით ექვსი წლიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ივნისს გაიმართება.

ცნობისთვის, ჭიათურაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს“.