მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები - დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ 4,6-4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა მცირე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.
მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას ზასოხაშვილსა და ლომიძეს განუმარტა, რომ შეეძლოთ, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართათ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ აღნიშნულს არ გააკეთებდნენ.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.