ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში ტყიბულის ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტი „ქართული დამწერლობა და ხელნაწერი მემკვიდრეობა - ისტორიის ცოცხალი გაკვეთილი ტყიბულში".

ღონისძიებას მერთან ერთად ესწრებოდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, მერის პირველი მოადგილე ლევან ჩხიკვაძე, მოადგილე მურმან ვერულაშვილი, ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

პროექტი კულტურულ-საგანმანათლებლო შინაარსს მოიცავდა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით მოიწყო.

ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, ლექცია გამართა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობაზე. მოეწყო ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი წიგნის მულაჟების, მათ შორის, გელათის სახარებისა და წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის გამოფენა.

გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კონფერენცია ქრისტიანულ თემატიკაზე. ასევე, შედგა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მაყვალა ქასრაშვილის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეასრულეს საგალობლები.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას ორგანიზება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის მხარდაჭერის სამსახურმა გაუწია.

✕