1749064311
ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-ზე მეტი მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელშიც წარდგენილ ღვინოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტები და სომელიეები აფასებდნენ.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები. კონკურსში ოქროს მედალი ბოლნისიდან „ქობულაძის მარანმა“, „მუხიგული 1770“-მა, „რაჭისუბანმა“, „მადლიერმა“, „უნიონმა“ და „ბოლნისის ძველმა მარანმა“ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს.
ფესტივალს რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობისა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ტრიო „სამანი“, ანსამბლი „იალონი“ და ტრიო „რუსთავი“.
ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.
ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი““, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.