ბოლნისში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2025 გაიმართა

ბოლნისში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2025 გაიმართა

ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ ტარდება და ის ტრადიციულად სლოგანს - ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი ეხმიანება.

ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები - ყველა ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.

ფესტივალის ფარგლებში, 17 მაისს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლში ჩატარდა ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულების ვინაობაც, ფესტივალზე საზეიმო ვითარებაში გახდა ცნობილი. წელს ჟიურის წევრებმა 20 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 138 ღვინის ნიმუში ბრმა დეგუსტაციით შეაფასეს. ღვინის კონკურსში მონაწილე - 26 მეღვინეობას ბრინჯაო, ხოლო 14 მწარმოებელს, ვერცხლი გადაეცა. რაც შეეხება ოქროს - ოქროს შეფასება ფესტივალზე სულ 19-მა ღვინომ დაიმსახურა. გამარჯვებულებს შორის, 6 ოქროთი, 6 ვერცხლითა და 9 ბრინჯაოთი გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრი ბოლნისური მარნები იყვნენ.

ბოლნისის ღვინის ფესტივალს იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან სპეციალური სტუმრები ეწვივნენ. მათ შორის იყვნენ: ღვინის იმპორტიორები, ღვინის ექსპერტები და ბლოგერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

ფესტივალის წარმდგენია - არემჯი; მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის აგროცენტრი.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისმა რიგით მე-3 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია, რომ ვართ ამ ფესტივალის წარმდგენები და უწყვეტი მხარდამჭერები. ადგილობრივმა მარნებმა უკვე შეძლეს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გასულიყვნენ. ვფიქრობ, რომ მომავალში, ჩვენი მდგრადი მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას შეძლებენ.“ - განაცხადა არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

2022 წელიდან, მას შემდეგ რაც არემჯი გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი, კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში.

ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება, ბოლნისის ღვინის ფესტივალი კი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.