1752178693
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ამას ახლა თან ერთვის და ფონად გასდევს ის, რომ შიდა განხეთქილებამაც უკვე სრული სიმწვავით იჩინა თავი

რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ამას ახლა თან ერთვის და ფონად გასდევს ის, რომ შიდა განხეთქილებამაც უკვე სრული სიმწვავით იჩინა თავი, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მან ამგვარად შეაფასა ანა წითლიძის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაში „ლელოს“ დადანაშაულება. ჭეიშვილის განცხადებით, ეს განხეთქილება ქართული დემოკრატიისთვის კარგი პროცესია.
„რადიკალების ხელწერას მიესადაგება ის მოცემულობა, როდესაც სხვადასხვა შავ-ბნელი მეთოდის გამოყენებით, თუნდაც, შავი ფულის გამოყენებით, ისინი ცდილობენ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
მეორე მხრივ, ძალიან კარგად ჩანს ისიც, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ამას ახლა თან ერთვის და ფონად გასდევს ის, რომ შიდა განხეთქილებამაც უკვე სრული სიმწვავით იჩინა თავი. ქართული დემოკრატიისთვის შეიძლება, სულაც არ იყოს ცუდი და პირიქით, სავსებით კარგი პროცესია, ვინაიდან ჩვენ ისედაც გვაქვს ერთ-ერთ გაცხადებულ ეროვნულ მიზნად ის, რომ ზოგადად აგენტურული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის" წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.