თეა წულუკიანი: ხონის სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან აკრძალული

თეა წულუკიანი

კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან აკრძალული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

„ხონის სასჯელაღსრულების მეცამეტე ყოფილ დაწესებულება იყო ერთადერთი ადგილი დღეისათვის საქართველოში, სადაც შემორჩენილია ე.წ. სააკაშვილის კარცერების შენობა. კარცერების სისტემა, როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, რომ ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორიც იყო 2007-2008-2009 წლებში. კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან აკრძალული და დაკარგული. ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში და დასკვნას თან დაერთვება როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ხონის მე-13 დაწესებულების, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობის. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ [ხონის] კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე“, - აღნიშნა წულუკიანმა.

საგამოძიებო კომისიის წევრები ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებიან. ისინი ათვალიერებენ ტერიტორიას, რომელიც კარგად ასახავს თუ რა პირობებში ყავდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს პატიმრები.