საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788
ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება - ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მეგობარი აქტის“ შესახებ, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს აქტი ვერ დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, ვინმეს სანქციები დაუწესოს.
„მისი [აქტის] დანიშნულება იყო, რომ ორი დღე რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ეტარებინათ ბრიფინგები. ამის დანიშნულება იყო, რომ ევროკომისიის პრესმდივანი გამოხმაურებოდა ამ საკითხს. ეს იყო საინფორმაციო ხმაური ისტერიის შემოსატანად ქართულ პოლიტიკაში.
შინაარსობრივად ეს არის შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი აქტი, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ სჭირდება არავისგან უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს მას, ვისაც ის ჩათვლის საჭირო. ვერც ამ აქტით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვერავინ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები. როგორც აქამდე სრულად აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო, გადაეწყვიტა, დაასანქციროს ვინმე თუ არა, ასევე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, აქტის სახელწოდება სრულიად არ შეესაბამება მის შინაარსს,
„ამაში უკვე ყველა გავერკვიეთ, რომ ეს ორუელისეული „ნიუსფიქი“, რომ ომი გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, რას ნიშნავს პრაქტიკაში, დაგვანახა კონგრესმენმა უილსონმა.
თუმცა, ჩახედეთ შიგნით და ნახავთ, მაგალითად, რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს - მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაონ ერთად. სად არის ოპოზიცია, თუ მათთვის ბიბლიაა ეს აქტი. სად არიან, ვერ ვხედავთ პარლამენტში.
და მეორე ცოტა განმაცვიფრებელია, როგორც ჩანს, ბატონი უილსონი სხვა რელსებზეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება USIAD-ს, რომ შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, USIAD-ს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. ბატონი კონგრესმენი უნდა ჩამოყალიბდეს - ის თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ხომ ხედავთ - ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ ეს ყველაფერი სასაუბრო თემად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს 6 მაისს დაუჭირა მხარი. კენჭისყრამდე გამართული განხილვისას კანონპროექტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა 26 ოქტომბერს ხმათა უმრავლესობით არჩეულ „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმური უწოდა; კოლეგებს კი კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.