საქართველოსთან მიმართებით შვედეთის განცხადებებსა და ქმედებებში ცალსახად იკვეთება ორმაგი სტანდარტი - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით შვედეთის განცხადებებსა და ქმედებებში ცალსახად იკვეთება ორმაგი სტანდარტი.

მიქანაძის განმარტებით, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში მიღებული კანონი გააკრიტიკეს და მეორე დღესვე, ანალოგიური კანონის შვედეთში შემოღება დააანონსეს, რაც ხაზს უსვამს იმ ორმაგი სტანდარტების არსებობას, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უდგებიან.

"ცალსახად იკვეთება ორმაგი სტანდარტი. 1 ივნისს ისინი აცხადებდნენ "ფარას" ანალოგიური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის უკუსვლა და ანტიდემოკრატიული კანონი. უკვე მეორე დღეს, 2 ივნისს, ისინი აცხადებენ იმის თაობაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა დაიცვან ანტიდემოკრატიული ძალებისა და გარე ჩარევების შესაძლებლობისგან. რაც თურმე შვედეთისთვის დასაშვები და შესაძლებელია, ის არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს. ამიტომ, საკუთარი განცხადებებითაც კი, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებენ. ევროკავშირშიც მიმდინარეობს მსგავს კანონმდებლობაზე მუშაობა და რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიღებული აქვს ანალოგიური კანონები, რომლებიც საკმაოდ მკაცრი სანქციების შემცველია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, ხოლო საქართველოსათვის ეს აკრძალულია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ორმაგი სტანდარტების არსებობას, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უდგებიან", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა გეგმავს რეგულაციების შემუშავებას, რომლებიც იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიდემოკრატიული მიზნებით საქმიანობენ, უცხოურ დაფინანსებას აუკრძალავს.