1749828535
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე ესტონეთის ელჩს- ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აზარალებს იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს მოსახლეობაში

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ, წყალთბილას ბაღში, მცირეწლოვანი აღსაზრდელების თანდასწრებით, ვიზიტით მყოფ ესტონეთის ელჩს კრიტიკული პოლიტიკური განცხადებით მიმართა.
მან ესტონეთი ორმაგი სტანდარტებით სარგებლობასა და უსამართლო მოთხოვნებში დაადანაშაულა. „ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ცნობილია, დიპლომატია რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობებისთვის და დიპლომატია წარმატებულია მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ეს ყველაფერი არ მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არა ერთხელ ვიხილეთ აღნიშნული და აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის აქტივობა, ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აღნიშნული აზარალებს როგორც შედეგს, ასევე, იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს ადგილობრივ მოსახლეობაში“- მიმართა გიორგი მიქელაძემ ესტონეთის ელჩს.
„მინდა, პირველ რიგში, აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ბილინგვური სწავლების დანერგვა. ვინაიდან აღნიშნული ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სრულყოფილ ასიმილაციას და სრულყოფილ ინტეგრაციას. საქართველოში, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ადრეული ბილინგვური განათლების განვითარების პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სამაგალითოა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დიდი შედეგები მივიღეთ და ეს შედეგები მიღებულია ურთიერთთანამშრომლობით და კოორდინირებული საქმიანობის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ UNICEF-ის წარმომადგენლობას, მინდა მადლობა გადავუხადო ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრს. როგორც მოგეხსენებათ 10 საბავშვო ბაღიდან 6 საბავშვო ბაღი ჩვენს რეგიონში არის შერჩეული, რაც მნიშვნელოვანია და ვაფასებთ ამას. ასევე, მინდა აღვნიშნო იმ ექსპერტებისა და მონაწილეების შრომა, ვინც ჩართული იყვნენ აღნიშნულ საქმიანობაში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ესტონეთის საელჩოს და ქალბატონ ელჩს“- აცხადებს მიქელაძე. მიქელაძე იმედოვნებს, რომ „გაგრძელდება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ ერთად“. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ღონისძიება, ყველა ურთიერთთანამშრომლობა უნდა განხორციელდეს სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, რაც ფაქტია, აღნიშნულმა პროექტმაც დიდი შედეგი დადო ზუსტად ამ პრაქტიკიდან გამომდინარე. პროექტის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე არის კოორდინირებული თანამშრომლობა ყველა მხარის მიმართ და ყველა აქტივობა ხორციელდება კოორდინირებულად. აქედან გამომდინარე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, კიდევ გაგრძელდება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ ერთად, თანამშრომლობით. ჩვენი მხრიდან მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში და ასევე გამოვთქვათ მზაობა ვითანამშრომლოთ და გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ“-აღნიშნა გიორგი მიქელაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთმა ადამიანის უფლებების მძიმე, მასშტაბური და სისტემატური დარღვევების გამო „ქართული ოცნების“ არაერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. დასანქცირებულებს შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციის მაღალჩინოსნები, პარლამენტარები და სხვა.