1748980445
რუსეთის რამდენიმე ოლქში უკრაინის იერიში ამ დრომდე არ წყდება

მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის რეგიონებში განგაში და საგანგებო მდგომარეობაა. აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის კურსკის, რიზანის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში. უკრაინამ დრონებით იერიშები რუსეთის ოთხ რეგიონში მდებარე ავიაბაზებზე მიიტანა.
გუშინ დღის ბოლოს კი უკრაინამ მასშტაბური შეტევა პირველად, ომის მიმდინარეობის პერიოდში, ციმბირის ტერიტორიაზე განახორციელა. როგორც გაირკვა, დრონები სატვირთო ავტომობილებში იყო განთავსებული, რის საშუალებითაც უპილოტო საფრენი აპარატების ირკუტსკის ოლქში გადატანა გახდა შესაძლებელი.
უკრაინული მედიის მონაცემებით, ოპერაცია "ობობას" მომზადებას წელიწადნახევარზე მეტი დრო დასჭირდა. ირკუტსკის, მურმანსკის, რიზანის ოლქებში აეროდრომებზე დაზიანებულია 41 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული გამანადგურებლები, რაც რუსეთის პოტენციალის 34%-ია. ზუსტად ამ აეროდრომებზე იყო განთავსებული რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებიც. ამასთანავე, მედიის მონაცემებით, უკრაინა დრონებს რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელით მართავდა.
მასირებულ შეტევამდე 4 სარკინიგზო შემთხვევაც მოხდა - ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეში, ბრიანსკსა და კურსში მატარებლები რელსებიდან გადავიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, დარღვეულია ლოჯისტიკური ჯაჭვი, რითაც რუსეთის არმიის მომარაგება ხდებოდა. მოსკოვი მომხდარს ტერაქტს უწოდებს.