1754759209
„ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უკრაინის "დარიალთან" მყოფი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ - დავით მათიკაშვილი

თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება. როდის დატოვებს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი, ისევ უცნობია. საქართველო უკრაინისგან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს და უარს ამბობს, "დარიალის" სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები.
თბილისმა კიევს უკვე შესთავაზა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით, თუმცა, უკრაინული მხარე ბოლო განცხადებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს.
ვიდრე პროცესი ჭიანურდება, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოება და მართლწესრიგი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
"ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ განხორციელდეს გამშვებ პუნქტ "დარიალთან" მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში, თუმცა, ქართული მხარის სურვილი, ამ შემთხვევაში, არ კმარა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს შესაბამისი აქტიურობა. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ხარჯების გასტუმრებასაც კი უზრუნველვყოფთ, რათა ეს მოქალაქეები დაბრუნდნენ თავის სამშობლოში", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.