პრეზიდენტი: საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება, დღეს, აქ ვიმყოფებით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს

ყაველაშვილი

დღეს აქ ვიმყოფებით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს იმისთვის, რომ მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. პატივი და დიდება მათ ხსოვნას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, სწორედ გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა, რომ საქართველო ფეხზე დგას.

„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. აქამდე რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა. აქედს მოვიხრით მათ წინაშე. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. ამავე დროს რასაც ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და გააკეთებენ, ეს არის მათი მოვალეობა. იციან ჩვენმა ჯარისკაცებმა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ. ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფოს მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, ყველას გაგვაჩნია ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე. მთავარი ვალდებულება არის შევასრულოთ ჩვენი როლი და ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს ინტერესები. ჩვენი ვალდებულებაა ჩვენი სამშობლოს წინაშე, რომ დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ავარიდოთ ჩვენს სამშობლოს ხიფათი, ჩვენი ქვეყანა არ იყოს ომის საფრთხის ქვეშ. ეს არის ვალდებულება სახელმწიფოსი. ამიტომ ნუ ეფარებიან ეს ადამიანები [ოპოზიცია] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას, ჩემი პირადი აზრი, არა როგორც პრეზიდენტის, არამედ, როგორც ერთი მოქალაქის და მანამდე ვიყავი პარლამენტის წევრი, ხშირად გამოვთქვამდი იმ ხელისუფლების ქმედებებზე, რა ჩაიდინა და როგორ ჩაიდინა. მაგრამ რადგან ვართ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო, დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.