პრემიერი: როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს - სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება, როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას

პრემიერი

როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.

„მე ვერავის დავიჭერ, რაც შეეხება ადამიანის დაჭერა-არდაჭერას, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს - სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება. როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“, მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ, ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი აინტერესებთ. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.