პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

შეხვედრა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას.

„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების, გამოცდილების გაზიარების, ერების დაახლოების თვალსაზრისით და რაც მთავარია, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის. შეხვედრისას სტუმრებმა აღნიშნეს, რომ პირისპირ შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ რეალური ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არ დაეყრდნონ მხოლოდ საერთაშორისო მედიასაშუალებებით გავრცელებულ, ხშირად არასწორ ინფორმაციებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.