სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა.
"საქართველოს პარლამენტში უკვე ტრადიციად იქცა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრა, სადაც ვსაუბრობთ, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისგან შორს ცხოვრება და როგორ უნდა მოხდეს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება. ასევე, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა შეუქმნას აღმასრულებელ ხელისუფლებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს დიასპორის საკითხებს და 1 ივლისიდან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს დიასპორის კომიტეტი ეწოდება.
"ჩვენთვის თქვენი ხმა, თქვენი იდეები, თქვენი სურვილები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მზად ვართ, მოგისმინოთ და გავიგოთ, რა შეიძლება გაკეთდეს. როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტით ვიმყოფები, მიხარია, რომ ვხედავ ქართულ დიასპორას, რომლის წევრებიც კონკრეტულ ქვეყანაში პატივცემული და წარმატებული ადამიანები არიან. ზუსტად ეს არის ქვეყნის ელჩობა, როდესაც ჩვენს დიასპორას ადგილსამყოფელი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან აქვს კომუნიკაცია და მათ ქართულ კულტურას, ქართულ ისტორიას აცნობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უცხოეთში საკვირაო სკოლების მასწავლებლებს.
"მადლობა მასწავლებლებს, რომლებიც ქართულ ენას, ლიტერატურას და ქართული ცხოვრების წესს ასწავლიან. დიასპორელი ბავშვი, რომელიც მრავალჟამიერს გიმღერებს, ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ უკეთესები ვიყოთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
"ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლოთ დიასპორულ ფორუმში მონაწილე წარმატებულ თანამემამულეებს. მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დიასპორის დღე. ეს ღონისძიებები იმისთვის იმართება, რომ კიდევ ერთხელ ყველამ გავიაზროთ, გავითავისოთ, რომ დიასპორა, სამშობლო, სახელმწიფო - ეს ერთია. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება, რომ დიასპორისთვის, მათი დაბრუნებისთვის მშვიდობიანი ნიადაგი შექმნას. ვცდილობთ, მსოფლიო დიდ გადანაწილებაში საქართველო გამარჯვებული გამოვიდეს, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ენა, მამული და სარწმუნოება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ქართველ დიასპორელებს სიტყვით ასევე მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დიასპორისა და კულტურის საკითხებში ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიების დასასრულს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.