პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილების თანახმად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისას, თუ ასეთ საქმიანობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი განახორციელებს.

ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ შესაბამის საქმიანობებთან დაკავშირებით სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის განსაზღვრას ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

მომხსენებლის, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით, დაცული იქნება სახელმწიფო, საჯარო ინტერესი და სახელმწიფოს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების წნეხი მოეხსნება.

„ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს შეუწყობს ხელს. შედეგად, უფრო ეფექტიან და მოქნილ სისტემას მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.