ნინო წილოსანი: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით

ნინო წილოსანი

 ნინო წილოსანი ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების წინაპირობაა, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია.

„არის თუ არა ეს იმის დადასტურება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იქნებოდა აუცილებელი წინაპირობა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების? დიახ, არის. როდესაც უკრაინას - ომში მყოფ ქვეყანას სთხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიღებას და ეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი წამყვანი პირობაა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიცია არის ჩვენი განაცხადი, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით“, - აცხადებს წილოსანი.

შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.