ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
"მოლდოვის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირების მხრიდან გრძელდება სამარცხვინო ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის მიმართ," - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართველი ჟურნალისტების აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, მოლდოვაში აკეთებენ იმას, რაც "დიფ სთეითს" სჭირდება.
"ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი აზრის გარეშე, მათ შეუძლიათ, ვინმე არ შეუშვან, ვიღაც შეუშვან, გააკეთონ ის, რაც სჭირდება "დიფ სთეითს" და იმ ძალებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს მართავენ ზოგადად ევროკავშირს და, ამ შემთხვევაში, კანდიდატ ქვეყანა მოლდოვას, და არა ის, რაც არის თუნდაც ორ ქვეყანას შორის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობის საგანი," - აცხადებს დავით მათიკაშვილი
შეგახსენებთ, რომ მაია სანდუს მთავრობამ, რომელიც ბრიუსელში მუდმივად პოზიციონირებს, როგორც თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად, "რუსთავი 2-ს" და სხვა ქართულ ტელევიზიებს აკრედიტაციების გაცემაზე უარი უთხრა.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, კიშინიოვი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2" და რატომ ეთქვა აკრედიტაციის მიღებაზე უარი.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ კიშინიოვის ეს გადაწყვეტილება იმ ევროპარლამენტარების მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებსაც საეჭვო რეპუტაცია აქვთ და ახლა ცდილობენ, იმ მედიებს აუკრძალონ მუშაობა, რომლებიც მათთვის მიუღებელია.