მიხეილ ყაველაშვილი: სამშვიდობო მიმართულებით ჩვენს პრინციპულ პოზიციას გავაგრძელებთ, ამას მოაქვს შედეგი, ჩვენ ვემსახურებით ხალხს

მიხეილ ყაველაშვილი

ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო თავისუფლების, თანასწორობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რის განხორციელებასაც ვცდილობთ. ჩვენ ვემსახურებით ხალხს. ეს არის ყველაზე მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სამშვიდობო მიმართულებით პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს.

„დიალოგისას გვქონდა შესაძლებლობა, აგვეხსნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე, რათა ჩართულიყო პროცესებში, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, გაეგზავნა მოხალისეები. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი, ხელისუფლება და შედეგში აისახა ეს ყველაფერი. ჩვენ ვიყავით მართლები და, მგონი, ევროპელმა ხალხმა, სლოვაკმა ხალხმაც, ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ შედეგით. მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო ერთგული ამ პრინციპების, სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც სლოვაკეთი და საქართველო აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ვხედავთ ომის შედეგებს, როგორი საზარელია. ადრე თუ გვიან, ეს უნდა შეჩერდეს. სამშვიდობო მიმართულებით ჩვენს პრინციპულ პოზიციას გავაგრძელებთ, რადგან ვხედავთ, რომ ამას მოაქვს შედეგი. ჯერჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიზრდება ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ პრინციპებს დაიცავენ. სამყარო არ არის ასე მარტივად მოწყობილი, ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის, რის განხორციელებასაც ვცდილობთ. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ პრინციპულ პოზიციაზე გვერდით დაგვიდგა ჩვენი მოსახლეობა, რაც შედეგშიც აისახა. ჩვენ ავიცილეთ ომი, დავამყარეთ მშვიდობა ქვეყანაში, განვავითარეთ ეკონომიკა, ხალხის კეთილდღეობა. პროცესი გრძელდება. ამ მიმართულებითაც ინტერესს გამოვთქვამთ, რომ სხვა ქვეყნების მხრიდან მეტი ინტერესი გაჩნდეს ჩვენი რეგიონის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელ ქვეყნებთან.

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან. მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ეს პროცესი როცა დაიწყო, ჯერ კიდევ საომარი ვითარება იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ ხალხმა, რომელიც საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ ამ რეგიონში, შევძელით, მშვიდობა დამყარებულიყო. შესაძლებლობებიც ძალიან ნიშანდობლივი, ყველასთვის ნათელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს სამი ქვეყანა და რეგიონის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონი გახდეს მსოფლიოში. ამ გზას ვადგავართ. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი სლოვაკეთის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

„სლოვაკეთის მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი და ჩვენი მთავრობები უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაიწყებენ სხვადასხვა მიმართულებით – სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის, განათლების მიმართულებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ მეგობრული, თბილი ურთიერთობა საზოგადოებებს და ხალხებს შორისაც გაღრმავდება, უფრო მჭიდრო, განვითარებადი გახდება. კიდევ ერთხელ მინდა, მივესალმო სლოვაკ ხალხს, მის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის და ვეპატიჟები საქართველოში.  მანაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საქართველოში და ვეპატიჟებით ჩვენს ძალიან კარგ, ლამაზ ქვეყანაში. იმედია, დიალოგი უკვე საქართველოში გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.