მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

მამუკა მდინარაძე

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებს.

მისი თქმით, ჩამონათვალში არის მითითებები, რომელიც პირდაპირ ანტიქართულია და საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას აზიანებს.

„როდესაც წერენ რეკომენდაციებში, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთო, იმედი აქვთ, რომ გავაუქმებთ თუ იმედი აქვთ, რომ არ გავაუქმებთ და ეს იქნება საფუძველი, რომ ჩვენ დაგვაბრალონ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გვაქვს? ქართველებს გვეუბნებიან, მაგალითად ერთ-ერთი ჩაწერილია, რომ გააუქმეთ ეს კანონი და იზრუნეთ ლგბტ პირების უფლებების გაძლიერებაზე. და საერთოდ, ეს თქვენი „გამჭვირვალობის კანონი“ ამერიკული „ფარას“ ანალოგია თუ არა არ გვაინტერესებს, გააუქმეთ და სხვა კანონებიც. მათი გაუქმება ემსახურება ანტიქართულ ინტერესებს.

7 რეზოლუცია მიიღეს და იმ 7 რეზოლუციაში ეწერა, რომ საშინელება ხდება ამ ქვეყანაში და ხდება?! დემოკრატიული უკუსვლაც წერია. ხდება დემოკრატიული უკუსვლა?! ეკონომიკაზე, სანქციებზე რომ მიგვითითებენ. მოლდოვას, რომ გვადარებენ მაგალითად. მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს და 2 %-ით კიდევ გაუარესდა. და ჩვენთან უკვე ორნიშნა ციფრს ჩამოსცდა კარგა ხანია, ორი-სამი წელია. გვადარებენ მაინც. დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ აი, ეს არის მისაბაძი ქვეყანაო. ქვეყანაში, სადაც ადრე „გაიშნიკებს“ რომ ეძახდნენ ჩვენთან, 2 და 5 ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა, დემოკრატია ზენიტშიაო და შუქურას რომ ეძახდნენ სააკაშვილს, იგივე შეფასებაა დღეს მოლდოვაზე. და ჩვენ გვეუბნებიან დემოკრატია თქვენი საფრთხეშიაო. ეს თუ არის ობიექტური შეფასება, მაშინ კი ბატონო, მართალი ყოფილან.

ამ ყველაფერს, ამ ტრაფარეტულად და შაბლონურად ლამაზ სიტყვებს საფუძველი რომ ნული აქვს და იმასთან ერთად რომ გიწერენ, რომ გამჭვირვალობის კანონი გააუქმე და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?! მოდი, ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს, არა მოსკოვიდან, რასაც აკეთებდნენ 90-იანი წლების დასასრულამდე, დღეს ბრიუსელიდან, ხვალ სხვა დედაქალაქიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ! არ გვაინტერესებს არც თქვენი სუვერენიტეტი, არც თქვენი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ჯერ ერთი ხომ ეროვნული იდეაა. ეს დამოუკიდებლობა ამავდროულად დიდი ეროვნული, ემოციური მდგენელის გარდა მოიცავს იმას, რომ ჩვენ ადვილად ვერავინ მოგვერევა, ვერ დაგვაჩოქებს და თავის ჭკუაზე ვერ გვატარებს. შენ გეუბნებიან, რომ მე თუ არ გამომადგები, შენი ქვეყნისთვის და შენი გაერთიანებისთვის, შენი სამშობლოსთვის, შენი ეროვნული ინტერესებისთვის კი არა, თუ ჩემთვის და ჩემი ინტერესებისთვის არ იბრძოლებ, შენ პატარა ხარ, მე მიგითითებ, რასაც მინდა ჩაგიწერ და ის უნდა შეასრულო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.