ლევან მახაშვილი: ყველას ვურჩევთ, რომ ნაცვლად მსგავსი გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისა, დავსხდეთ ერთად და ვიმსჯელოთ ამ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემის აღმოფხვრაზე

ლევან მახაშვილი

ეს არის მცდელობა სირაქლემას პოზიციაში დარჩენის და იმის, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობდეს შესაძლებლობა გაუმჭვირვალე ფულით საარჩევნო, პოლიტიკური, ეკონომიკურ-საზოგადოებრივი პროცესების და ინსტიტუტების შერყევის, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებს.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

„რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის მიუღებელია. პირიქით ყველას ვურჩევთ, რომ ნაცვლად მსგავსი გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისა, დავსხდეთ ერთად და ერთად ვიმსჯელოთ ამ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემის აღმოფხვრაზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ამოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი შეტევა მოჰყვა. გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოდიან იგივე აქტორები. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი, ესტონეთი, შვედეთი და ლატვია ამერიკული კანონის ზუსტ ასლს აკრიტიკებენ და დემოკრატიის უკუსვლას უწოდებენ.