1749646774
ლევან მახაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია. შეიძლება, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შტაბის უფროსი იყოს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ნაწილში საქართველო არც ერთ კომპონენტში, არც ერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის.
„პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია. როგორც ჩანს, არ ვიცი, შეიძლება, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შტაბის უფროსი იყოს, ოღონდ გარედან - ეს ჩემი პოლიტიკური შეფასება შეიძლება, ასეთი გავაკეთო.
რაც შეეხება რეალურ სიტუაციას, აქაც ძალიან მარტივია. არა მგონია, ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში მისთვის იყოს სასარგებლო, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ლეგიტიმაციას პრობლემები აქვს ამ საკითხზე.
მისი დაფუძნების დღიდან - 1986 წლიდან, როდესაც შენგენი შევიდა ძალაში, მთავარი საკითხი იყო წევრი ქვეყნების უსაფრთხოება. უსაფრთხოების ნაწილში საქართველო არც ერთ კომპონენტში, არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა მახაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.