კახა კალაძე - როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი, უბრალოდ, მაშინ ასე სჭირდებოდათ და იყო პოლიტიკური სპეკულაციები, აღნიშნულ კანონპროექტს უწოდებდნენ რუსულს

დედაქალაქის მერი

ეს არის ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტი. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა თავად საუბრობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე“.

კახა კალაძის თქმით, მაშინ ასე სჭირდებოდათ, რის გამოც იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები და გამჭვირვალობის კანონპროექტს უწოდებდნენ რუსულ კანონს. კახა კალაძე ამბობს, რომ აღნიშნულ კანონს რუსეთთან საერთოდ კავშირი არ აქვს.

„კანონპროქტი ერთადერთ რამეს ითხოვდა, ეს იყო გამჭვირვალობა თანხების, რომლებიც შემოდიოდა უცხოეთიდან. ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ეს თანხები ხმარდებოდა პირდაპირ პოლიტიკას, შავი ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში, ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარებს, სახელმწიფო გადატრიალებას და მთავრობის დამხობის სცენარებს, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავხდით, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამიტომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასევე ევროპაშიც მნიშვნელოვანია და ამერიკაშიც. აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი როცა აირჩიეს, პირველი, რაზეც ისაუბრა და გააკეთა მითითებები, იყო იმ ორგანიზაციების დახურვა, იმ ორგანიზაციებთან არსებულ ტრანზაქციებზე კითხვები, იგივე NED, USAID, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, რათა სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ხელს შეუწყობს, მოგვცემს შესაძლებლობას, ვნახოთ, თანხები რა პროექტებში იხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.