კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა,  საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი.

„გუშინ ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებულნი არიან, ზოგი ცოფის, ზოგი სხვა მძიმე ავადმყოფობის გამო, დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები.

ის ქმედებები და დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია.

ამ ტიპის ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც მიუსაფარი ცხოველების მიმართ, არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტი მრავალ ნაბიჯს დგამს.

„ლილოში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც თავშესაფარი გაფართოვდება და ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებით 300 ძაღლისთვის ვოლიერები გაკეთდეს. 

გარდა ამისა, გლდანის რაიონში ხორციელდება ახალი თავშესაფრის პროექტი, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები დაიძლიოს და მოსახლეობას ჩვენი მხრიდან ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა ამ საკითხში.

კვლავ გავიმეორებ, რომ ის, რაც სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არასდროს გაკეთებულა, ეს მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯებია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.