1749499270
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც მერების თქმით, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მიიწვია.
„მადლობას გიხდით მეგობრული და გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს და იტალიას თანამშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია, მჭიდროა ურთიერთობები ჩვენს ხალხს შორის. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება თბილისისა და მილანის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რისთვისაც პირადად მე, როგორც თბილისის მერი, ძალისხმევას არ დავიშურებ. მე ათი წელი გავატარე მილანში და მინდა, ის დიდი გამოცდილება, რომელიც მილანს, როგორც ევროპის წამყვან ქალაქს გააჩნია, თბილისმაც გაიზიაროს. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს თბილისში. არაერთი პროექტი განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით და წინ საკმაოდ ამბიციური გეგმები გაგვაჩნია. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც ვფიქრობ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მილანის მერმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და გამოხატა სრული მზაობა ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.
„მზად ვარ, ხელი შევუწყო მილანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მინდა, შემოგთავაზოთ ჩართულობა NC40 cities-ში - მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქალაქების ქსელში, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ეს არის, როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური ქსელი, ზუსტად მერების ჩართულობისთვის.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მილანში. ამდენად, საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის მთელი რიგი საკითხების გადაჭრის კუთხით, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ჯუზეპე სალამ.
მილანის მერიაში გამართულ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.