ინტერნეტსივრცე შეიძლება განხილულ იქნას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად, სადაც უცენზურო სიტყვები კანონით იკრძალება - ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება.

ევროსასამართლომ საქმეზე "მილაძე საქართველოს წინააღმდეგ" გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება.

საქმე ეხებოდა 2022 წელს "TikTok-ზე" გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი და უფლება, საჯარო მოხელეები და პოლიციელები შეურაცხყოფისგან დაიცვას.

ძამაშვილის თქმით, ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოხელეებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავიანთი საქმიანობა მშვიდ და დაცულ გარემოში წარმართონ, საჯარო უცენზურო თავდასხმები კი გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება.

"ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული სასამართლოების შეფასება, რომ ინტერნეტ სივრცე, შეიძლება განხილული იქნას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად, სადაც გამოხატული უცენზურო სიტყვები, შეურაცხყოფა და აგრესია ჯდება კანონით აკრძალულ ქმედებაში. ეს  შეეხება სოციალურ მედიას და სხვადასხვა ბლოგებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარი იყო "TikTok-ზე".

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ამ გადაწყვეტილებიდან არს ის, რომ თავად ევროპულმა სასამართლომ დადებითად შეაფასა ქართული მართლმსაჯულების მიდგომა, როგორ განსჯის ის გამოხატვის თავისუფლების ბალანსს სხვა უფლებებთან.

ფაქტობრივად, შეფასება არის, რომ ქართულმა სასამართლოებმა აბსოლუტური სიზუსტით, პროპორციულობის, ევროპული სტანდარტების დაცვით, მიიღეს გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან, მათ შორის, კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ეროვნულ დონეზე, სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ პრეცედენტებს.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სასამართლოს შეფასებით, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე სასამართლო პრაქტიკა შეფასდა, როგორც სრულ შესაბამისობაში მყოფად ევროპულ სტანდარტებთან.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეურაცხყოფის ობიექტები იყვნენ თბილისის მერიისა და პოლიციის თანამშრომლები. ერთ პასაჟში განმარტავს ევროპული სასამართლო, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი და უფლება დაიცვას საჯარო მოხელეები შეურაცხყოფებისგან, თავდასხმებისგან, რადგან საჯარო მოხელეს უნდა მიეცეს საშუალება, თავდასხმისგან მშვიდ გარემოში და დაცულად წარმართონ თავიანთი საქმიანობა", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.