გიორგი კახიანი: გვქონდა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული განთავისუფლდებოდა სასჯელის მოხდის პასუხისმგებლობისგან, მაგრამ დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანი აუნაზღაურებელი რჩებოდა, ამიტომ კანონპროექტს გარკვეული ზომები შემოაქვს

გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით კანონპროექტით დაზარალებულთა ინტერესები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

„გვქონდა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული პირი სასჯელს მოიხდიდა, განთავისუფლდებოდა სასჯელის მოხდის პასუხისმგებლობისგან, მაგრამ დაზარალებულისთვის ზიანი აუნაზღაურებელი რჩებოდა. ამიტომ, ამ კანონპროექტს გარკვეული ზომები შემოაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ დაზარალებულის ინტერესი მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახიანმა.

ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათთან დაკავშირებული პირებისგან ქონების - მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება. კანონში ჩაიწერება ქვეყნის დატოვების აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.