1748980445
გიორგი გახარია გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან, არ მინდა, დავუშვა, რომ რომელიმე სხვა პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დასტურდება, რასაც ამბობდა, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა.
ხაბეიშვილის თქმით, გახარიას პარტიას ამ დრომდე არ გაუუქმებია მანდატები და უარს არ ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არ სურს, დაუშვას, რომ რომელიმე სხვა პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება ბიძინა ივანიშვილთან.
„ვიდრე გახარიას პარტია იტყოდა, რომ არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი, რომ გახარია გარიგდა ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული სარგებლის გამო. ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის, ესენი უკვე ამბობენ, რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ. ჩემი აზრით, რასაც ვამბობდი, რომ ეს ხალხი გარიგდა ივანიშვილთან, დასტურდება. გარიგებულია. რის სანაცვლოდ? იმისთვის, რომ თავისუფლად იაროს. თქვენ რა გგონიათ, გახარიას დანაშაულები არ ჩაუდენია თუ რა? რა გგონიათ, რომ გახარია ანგელოზია? გახარია ჩემს თვალში ჩვეულებრივი კრიმინალია. ისევე გააყალბა 2018 წლის არჩევნები, როგორც ამათ გააყალბეს 2024 წლის არჩევნები. არაფერი სხვაობა არაა. გახარიას კისერზეა ია კერზაიას მკვლელობა, მრავალი ადამიანისთვის თვალების დათხრა და.შ. ამიტომ, ის რომ თავისუფლებაზე იყოს, ჩემი აზრით, გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან. მე არ მინდა, დავუშვა, რომ სხვა რომელიმე პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება ბიძინა ივანიშვილთან. რატომ? ბიძინა ივანიშვილის „გაპრავება“ და მის მხარეს გადასვლაა, ვინც ახლა ბიძინას სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.