გამჭვირვალობის კანონზე არსებული მოლოდინები გადაჭარბებული იყო, ამერიკული კანონმდებლობის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა დავაკვირდებით, ხომ არ გამოიწვევს პრობლემებს - ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

ჩემი აზრით, მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

რაც შეეხება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, რომელიც 31 მაისიდან შევიდა ძალაში, იოსელიანის თქმით, ამერიკულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა დააკვირდება, აღნიშნული კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონი მიემართება.

„რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას, პარალელი გავავლე გამჭვირვალობის შესახებ კანონთან. გამჭვირვალობის კანონი როცა იქნა დაინიცირებული, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს. ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს საქართველოში, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონი მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.