1751744974
ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზაცია: ვემიჯნებით განცხადებას, თითქოსდა ემიგრაცია „ემიჯნება საქართველოს სახელმწიფოს“ - მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიმართვის შინაარსს და ტონს

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან.
ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარებას.
„ჩვენ, ესპანეთში მცხოვრები ქართველები და ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი და აქტიურად მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია-"Asociación de la Republica de Georgia e Inmigrantes", რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ნაყოფიერად ფუნქციონირებს, თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ განმარტება:
ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა გარკვეული ჯგუფის მიერ — თითქოსდა ემიგრაცია „ემიჯნება საქართველოს სახელმწიფოს“ და „ევროკავშირს სთხოვს სანქციების დაწესებას ჩვენს ქვეყანაზე“.
მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიმართვის არც შინაარსს და არც ტონს. ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, ემიგრაციის სახელით გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც დიასპორის საერთო აზრს არ გამოხატავს.
ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს ბარსელონას გენერალურ საკონსულოსთან. კონტაქტი თითქმის ყოველდღიურია. ჭირშიც და ლხინშიც მათ გვერდით ვიდგებით — რადგან ვიცით, რომ საკონსულო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობაა უცხოეთში და მისი თანამშრომლები პირველები გვიდგანან გვერდში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა კონსტრუქციული დიალოგი და ერთმანეთის მხარდაჭერა. არ ვეთანხმებით ცალკეული ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც საერთო დიასპორულ ინტერესებს არღვევს და საკუთარ პოზიციას ქართველი ემიგრანტების სახელით აფიქსირებს — ამის უფლება არავის აქვს.
ჩვენ ვირჩევთ პასუხისმგებლიან გზას — ერთად ყოფნას, თანამშრომლობას და მშვიდობიან, სანდო ურთიერთობების შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანასთან და მის წარმომადგენლებთან“, - წერია ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზაციის განცხადებაში.